მაღალმთიანი, ქედებითა და მწვერვალებით გარშემორტყმული თუშეთი დაღარულია უამრავი ხევით, რომელთაგან ჩამონადენი წყლები თუშეთის ორ მთავარ მდინარეში: პირიქითისა და თუშეთის (გომეწრის) ალაზნებში ჩაედინება. ორივე ალაზანი სოფელ შენაქოს მახლობლად ერთდება, სცილდება თუშეთისა და საქართველოს საზღვარს, გადის დაღესტანში და კასპიის ზღვაში ჩაედინება ანდის-ყოუსის სახელწოდებით. თუშეთის მდინარეები ზამთარში ნაწილობრივ იყინებa. თუშეთში ვხვდებით უამრავ პატარ-პატარა ზომის ტბებს, რომლებიც სხვადასხვაგვარი წარმოშობისანი არიან. თუშეთში საკმაოდ დიდი რაოდენობითაა სამკურნალო-მინერალური წყლები.
თუშეთი ხასიათდება ფლორისტული მრავალფეროვნებით, ენდემურ და უძველეს რელიქტურ სახეობათა სიუხვით.თუშეთის ტყეების საერთო ფართობი 32000 ჰა-ს შეადგენს და ძირითადად წარმოდგენილია ფიჭვნარით (სოსნოვსკის ფიჭვი) რომელიც თუშურ გაშლილ პეიზაჟებს განუმეორებელ იერს აძლევს და რომელიც ოდითგანვე გამოიყენება მედიცინაში როგორც ეფექტური სამკურნალო საშუალება. ასევე თუშეთში შეხვდებით არყნარს (ლიტვინოვისა და რადეს არყი), ხოლო 2300 მეტრის მაღლა დეკის ხშირი ბუჩქნარია.
მდიდარი სახეობრივი შემადგენლობით გამოირჩევა ცხოველთა სამყარო. თუშეთის ფერდობები და მიუვალი კლდეები აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის სამშობლოა. აქვე გვხვდება არჩვი ანუ ფსიტი, ირემი, დათვი, ფოცხვერი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნიამორი რომელიც ჩვენი ქვეყნის ფაუნაში ძალზე იშვიათი გახდა და რომლისთვისაც თუშეთი უკანასკნელი თავშესაფარია. ნიამორის ნახვა სასტუმროს მიდამოებშიც არის შესაძლებელი.
ველური ბიომრავალფეროვნების გარდა თუშეთი მდიდარია შინაურ ცხოველთა ჯიშებითაც. რეგიონი სამი ენდემური ჯიშის წარმოშობის კერაა: ესენია მუხლმაგარი თუშური ცხენი, (რომლით გასეირნების შესაძლებლობაც აქვს ტურისტს), მეცხვარეების ერთგული თანაშემწე - ქართული ნაგაზი და თუშური ცხვარი.
ეს ყველაფერი არაა... თუშეთი მრავალმხრივ საინტერესო კუთხეა.